English / ქართული / русский /
ავთანდილ სულაბერიძევლადიმერ სულაბერიძე
დემოგრაფიული დაბერება და „ვერცხლისფერი ეკონომიკა“

 ანოტაცია.გაეროს ინფორმაციით 2050 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი 65 წელს გადაცილებული იქნება, რასაც სამი გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს: შობადობის  შემცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და გლობალური მიგრაცია. მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე, აქტუალური ხდება მოსახლეობის  დაბერების სწრაფი ზრდის გამო შექმნილი სამუშაო ძალის დეფიციტიდან გამომდინარე ხანდაზმული მოსახლეობის აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად წარმოიშვა იდეა „ვერცხლისფერი ეკონომიკის“ თაობაზე. იგი  განიხილება ორი ძირითადი ასპექტით: ეკონომიკა ხანდაზმული ადამიანებისთვის და ეკონომიკა ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად. ანუ ვერცხლისფერი ეკონომიკის პოტენციალი ყველა თაობის სასარგებლოდ და მათთან ერთად კრიზისების მართვა. დაბერების ეკონომიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას და მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს ხანდაზმულთა საჭიროებებსა და პრეფერენციებს. მეორე მხრივ, ასაკის ინკლუზიური ეკონომიკა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული დაბერება, ვერცხლისფერი ეკონომიკა, ხანდაზმულები, კრიზისები, შრომის ბაზარი. 

სწრაფცვალებადი მსოფლიოს ფონზე, პროფესორი ჯერომე პიგნეცი ევროკავშირის და სხვა განვითარებული ქვეყნების დემოგრაფიული გადასვლის ანალიზის საფუძვლზე შექმნილი ცვლადი პარადიგმის საფუძველზე   დასაშვებად მიიჩნევს  „homo senectusis“ მსგავსი ეპოქის წარმოქმნას, სადაც „homo erectusi“[1]-ის („წელში გამართული ადამიანის“) მსგავსად,  სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს გადააჭარბებს.

ბუნებრივია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა დაბალი შობადობის პირობებში, გადამწყვეტ როლს თამაშობს დაბერებული მოსახლეობის ზრდაში, რაც დღეისათვის არსებითად ცვლის მსოფლიოს დემოგრაფიულ სტრუქტურას. შობადობის შემცირების და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის  შედეგად, წინა წლებისგან განსხვავებით, მოსახლეობის დაბერების სტრუქტურის ფორმირებაში განმსაზღვრელი გახდა არა ქვემოდან, არამედ ზემოდან დაბერება, რაც ქმნის მოსახლეობის სწრაფი დაბერების წინაპირობებს. შესაბამისად გასაკვირი არ არის  დაბერებულთა სწრაფი ზრდა, ხოლო ახალგაზრდული მოსახლეობის სწრაფი შეცირება.

იმ პირობებში, როდესაც გაეროს ინფორმაციით 2050 წლისთვის მსოფლიოში მოსალოდნელია გლობალურ მოსახლეობაში 65 წელს გადაცილებული ყოველი მეექვსე ადამიანი, კაცობრიობას დაბერების ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება. პირველი დემოგრაფიული დივიდენდის შემცირების პირობებში საკითხი დგება იმის თაობაზე, რომ დემოგრაფიული დაბერების ზრდის პირობებში,  ეკონომიკური პროგრესი რამდენად გადაჭრის  ყველა თაობის წინაშე წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ, სამედიცინო და სხვა სახის პრობლემებს. ნეომალთსიანელთა წუხილისგან განსხვავებით კაცობრიობის პროგრესული ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს და ცოდნის ეკონომიკის ფონზე ცდილობს გადაჭრას მოსალოდნელი პრობლემები.

ამის ერთ-ერთი მაგალითია იდეა ყველა თაობისთვის  „ვერცხლისფერი ეკონომიკის“, ფორმირება, რომელსაც დაბერების  ზრდის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავების და მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებაში იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს ხანდაზმულთა საჭიროებებსა და პრეფერენციებს. მეორე მხრივ, ინკლუზიური ეკონომიკა, რომლის მიზანია ხანდაზმულთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა შრომის ბაზარზე. იგი მომავლის ეკონომიკაა დემოგრაფიული გადასვლის კონტექსტში და მოსახლეობის უწყვეტი დაბერებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია განვითარდეს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამედიცინო და ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხანდაზმულებს ჯანსაღი და აქტიური დაბერებისკენ და საზოგადოების ყველა სფეროში პოზიტიური ცვლილებების აქტიურად ჩართვაში.

ხანდაზმული ადამიანები ახლა მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ეკონომიკაში და მათი როლი კიდევ უფრო გაიზრდება უახლოეს წლებში. მოსახლეობის დაბერება უწყვეტად გაგრძელდება და სამუშაო ძალის შემცირების პირობებში, დაბერებული მოსახლეობა, როგორც მეორე დემოგრაფიული დივიდენდი ავსებს შრომისუნარიანი მოსახლეობის სახით არსებულ შემცირებულ პირველ დემოგრაფიულ დივიდენდს, განსაკუთრებით დაბალი შობადობის პირობებში. შესაბამისად „ვერცხლის ეკონომიკა“ განისაზღვრება, როგორც ბაზარი, რომელიც ვითარდება არა მხოლოდ დაბერებული მოსახლეობის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის   მნიშვნელოვანი ხდება და წარმოადგენს ახალი ბიზნესის შესაძლებლობებს. ხანდაზმული ადამიანები მნიშვნელოვანი როლს ასრულებენ დაგროვილი ცოდნის გადაცემაში. მათი პროფესიული გამოცდილება ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და განვითარებას.

„ვერცხლის ეკონომიკა“  უნდა განვიხილეთ ორი ძირითადი ასპექტით: ეკონომიკა ხანდაზმული ადამიანებისთვის და  ეკონომიკა ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად.   დაბერების ეკონომიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას და მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს ხანდაზმულთა საჭიროებებსა და პრეფერენციებს. მეორე მხრივ, ასაკის ინკლუზიური ეკონომიკა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე. ეს მიიღწევა სპეციალიზებული სამუშაო ადგილების მიწოდებით, განათლებისა და ტრენინგის ხელშეწყობით მათი ციფრული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. მას არა მხოლოდ მოაქვს ღირებული ცოდნა და გამოცდილება, არამედ ხელს უწყობს უნარებისა და გამოცდილების გადაცემას ახალგაზრდა და უფროს თაობებს შორის.

„ვერცხლისფერი ეკონომიკის“ ეფექტიანობის მაგალითად მოვიტანთ საქართველოს. მიჩნეულია, რომ მოსახლეობის ერთი წლით დაბერება იწვევს მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოების პოტენციალის თითქმის 2,5 -პროცენტიან შემცირებას. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა ამჟამად, რომ 1990-იანი წლების დასაწყისის დონეზე იყოს, საქართველოს საშუალება ექნებოდა დამატებით ეწარმოებია ამჟამინდელზე არანაკლებ 3.2 მლრდ. ლარით (15-პროცენტით) მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი, სახელმწიფო ბიუჯეტში მოეხდინა ამჟამინდელზე დაახლოებით 800 მილიონი ლარით მეტი სახსრების აკუმულირება და აღნიშნულის ხარჯზე ფაქტობრივად გაეორმაგებინა საშუალო პენსია

საქართველოს  ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებით დასაქმებული უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. დემოგრაფიული დივიდენდის თვალსაზრისით იგი ევროპის ქვეყნების ერთ-ერთ ექსპორტიორად შეიძლება მივიჩნიოთ. ქვეყანაში დაქირევებით დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 860 000 კაცის ფარგლებშია (ბოლო მონაცემებით), ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 950 000 ადამიანი. ამის ძირითად მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით  საქართველო ხასიათდება კაპიტალთან შედარებით შრომის მაღალი წილით და დაბალი საბაზრო ანაზღაურებით.

ამასთან, სამუშაო ძალის შემცირებას საქართველოში არ გამოუწვევია მათი შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვნი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში საქართველოდან ემიგრანტთა (განსაკუთრებით არალეგალების) ანაზღაურება მცირეა, საქართველოსთან შედარებით ევროპის ქვეყნებში, თუნდაც დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში არსებულ მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულის ფაქტობრივ ანაზღაურებას. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საპენსიო ასაკებში მყოფი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე თავშეკავების და ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრანტად ცხოვრების (თუნდაც არალეგალურად) ძირითად მიზეზს.

1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით 2020 წლისთვის ქვეყნაში მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ამ შემცირების 82.5% დაქირავებით დასაქმებულთა შემცირებაზე მოდის. დღეისათვის მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმ­ებულთა წილი დაახლოებით 2-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში. დღეისათვის საქართველოს იმიგრანტთა საერთო რაოდენობაში 84,9%  შრომისუნარიანია, მაშინ, როცა აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში მნიშვნელოვნად ნაკლებია – 65.4 პროცენტი.  საპენსიო ასაკის მოსახლეობიდან დასაქმებულებზე მოდის საქართველოში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 18.8%. მათ შორს დაქირავებით დასაქმებულია 16.0%, ხოლო  თვითდასაქმებულია თითქმის მეოთხედი 24.7%, რომელთაგან 7,7 ათასი 65 წელსაა გადაცილებული.  ფაქტობრივად, საპენსიო ასაკის ყოველი 100 ადამიანიდან შრომით საქმიანობას აგრძელებს 28 კაცი.

დემოგრაფიული დივიდენდის ბუნებრივი ფორმირების გაუარესებული კომპონენტებიდან გამომდინარე  2030 წლისთვის, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 16,4%-მდე შემცირდება 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა და 16,9%-მდე გაიზრდება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი, რაც მოსახლეობის მოსალოდნელი დაბერების ზრდაზე მეტყველებს, რომელიც 2030 წლისთვის, არსებულთან შედარებით 2,4-ჯერ მაღალი.

სამუშაო ასაკის მოსახლეობის მოსალოდნელი შემცირების შედეგად წარმოქმნილ დემოგრაფიული დეფიციტის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვა, ანუ 2030 წლისთვის 100-მა შრომისუნარიანმა კაცმა უნდა უზრუნველყოს 65 წელს გადაცილებული 20 მამაკაცის და 45 ქალის უზრუნველყოფა,    შესაბამისად გაიზრდება  დემოგრაფიული დეფიციტის სოციალურ ფასი, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში. 

დასკვნა

დღევანდელ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში არსებული  დემოგრაფიული  მეცნერება, სხვა მეცნიერებების მსგავსად მოითხოვს ახალი იდეების დაბადებას და განხორციელებას. სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს განხილული სტატია. იგი ეხმიანება გლობალურ დემოგრაფიული დაბერების პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ იდეას „ვეცხლისერი ეკონომიკის“ ფორმირებას,რომელიც უნდა განვიხილეთ ორი ძირითადი ასპექტით: ეკონომიკა ხანდაზმული ადამიანებისთვის და ეკონომიკა ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად.   დაბერების ეკონომიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას და მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს ხანდაზმულთა საჭიროებებსა და პრეფერენციებს. ასევე ასაკის ინკლუზიური ეკონომიკა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ერთი წლით დაბერება იწვევს მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოების პოტენციალის თითქმის 2,5 - პროცენტიან შემცირებას. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა ამჟამად, რომ 1990-იანი წლების დასაწყისის დონეზე იყოს, საქართველოს საშუალება ექნებოდა დამატებით ეწარმოებია ამჟამინდელზე არანაკლებ 3.2 მლრდ. ლარით (15-პროცენტით) მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი, სახელმწიფო ბიუჯეტში მოეხდინა ამჟამინდელზე დაახლოებით 800 მილიონი ლარით მეტი სახსრების აკუმულირება და აღნიშნულის ხარჯზე ფაქტობრივად გაეორმაგებინა საშუალო პენსია.

წინა საუკუნეების და წლების მანძილზე არსებული მაღალი შობადობის დონე თანამედროვე პერიოდში გლობალურმა დემოგრაფიულმა დაბერებამ შეცვალა, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის მწვავე დეფიციტის საწიდარია. პირველ დემოგრაფიული დივიდენდის დეფიციტს ავსებს და ენაცვლება მეორე დემოგრაფიული დივიდენდი, რომელიც საპენსიო ასაკის მოსახლეობისგან შედგება, მოსახლეობის დაბერების შედეგად. იზრდება  დემოგრაფიული დეფიციტის სოციალურ ფასი, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის არა მხოლოდ მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ამდენად, საქართველოში არსებული სოციალურ-დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება „ვერცხლისფერი ეკონომიკის“ განვითარებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. არჩვაძე ი. 2017. თაობათა შორისი ურთიერთობები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის შემოსავლების ფაქტორი (საქართველოს კონტექსტი). ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული, თბ., გვ. 52-61.
  2. სულაბერიძე ა., შინჯიაშვილი თ. 2012. საპენსიო სისტემის რეფორმის დემოგრაფიული კონტექსტი. ჟ. „ეკონომისტი“ №4, გვ. 5-14
  3. სულაბერიძე ა. 2018. საქართველოს დემოგრაფიული მოდერნიზაცია. თბ., „ზენაარი“. 139 გვ.
  4. სულაბერიძე ა., სულაბერიძე ვ., გომელაური ნ. 2016. დემოგრაფიული დაბერება და მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში. აკად. ა. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის კონფერენციის მასალათა კრებული „ღირსეული სიბერე“, თბ., გვ.68-72.
  5. წიკლაური შ. 2017. მოსახლეობის დაბერება საქართველოში, როგორც ქვეყნის ეკონომიკის დემოგრაფიული ხაფანგი. ჟ. „ეკონომისტი“ №3, გვ. 117-128.
  6. შელია მ. 2019. მოსახლეობის დაბერების აჩქარება საქართველოში: პოსტსაბჭოთა პერიოდი. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული, თბ., გვ. 180-200.
  7. Kopaleishvili N. 2023. The benefits and barriers of existing systems for older people in Georgia. 2023(eng)aging! Conference, June 19-20.
  8. Sidorenko, A. (2020). Global and European research priorities for evidence-based policy on ageing. Demography and Social Economy, 2 (40), 3-20.
  9. Urbaniak B., Vidovica L. 2023. Older people and crises: scaling, scoping, solutions. 2023(eng)aging! Conference, June 19-20.

[1] „ homo erectusi“ -პირდაპირი თარგმნით - „წელში გამართული ადამიანი“.  პრეისტორიული პერიოდის ადამიანის სახეობა, რომელიც ცხოვრობდა 1,8 მლნ. წლის წინ.